
ბათუმის სტადიონი სოლიდარობის ნიშნად თურქეთის დროშის ფერებში განათდა
09/02/2023 07:01:48 საზოგადოება
თურქეთში მომხდარი ტრაგედიისადმი სოლიდარობის ნიშნად, ბათუმში აჭარაბეთ არენა თურქეთის დროშის ფერებში განათდა.
კაჰრამანმარაშსა და სხვა რეგიონებში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიისა და გენერალური საკონსულოს თანამშრომლობით, ბათუმში გაიხსნა ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პუნქტი, რომლის მისამართია: ბათუმის საფეხბურთო სტადიონი – აჭარაბეთ არენა, გუდიაშვილის ქუჩა N8.
ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 383 –მდე გაიზარდა.
თურქეთში, სულ მცირე,12 391ადამიანი დაიღუპა, სირიაში – 2 992. . ამასთან, ოფიციალურად დადასტურებულია თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი.
ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.