
რუსეთი ბრიტანეთს აფრთხილებს
09/02/2023 05:46:13 მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩო ოფიციალურ ლონდონს აფრთხილებს, რომ თუ ის უკრაინას ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, ამას მთელი მსოფლიოსთვის "სამხედრო და პოლიტიკური შედეგები" მოჰყვება.
"გვინდა ოფიციალურ ლონდონს შევახსენოთ: ასეთ სცენარში, მორიგი ესკალაციის "სისხლიანი მოსავალი" სწორედ მის სინდისზე იქნება, ასევე ამის შედეგად მიღებული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები ევროპის კონტინენტისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის", - აცხადებენ რუსეთის საელჩოში.
გარდა ამისა, რუსეთის საელჩოში ამბობენ, რომ "ლონდონის ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯზე, შესაბამისი პასუხი ექნებათ".
გუშინ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში იყო ჩასული. ის ქვეყნის პრემიერ–მინისტრ რიში სუნაკს და მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა. მოგვიანებით, სუნაკს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა ბრიტანეთი უკრაინას გამანადგურებლებით დაეხმაროს. სუნაკს მათი გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა აღნიშნა, რომ "სამხედრო დახმარების ფარგლებში გამორიცხული არაფერია".
როგორც Politico წერს, რიში სუნაკმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს დაავალა გაარკვიოს, შეძლებს თუ არა ბრიტანეთი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას "გრძელვადიან პერსპექტივაში". პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი ამ საკითხზე "აქტიურად" მუშაობს.