Accentnews.ge
"სხვა აღარავინ დარჩა": რუსეთისთვის მეგობრების საძებნად ლავროვმა კვლავ აფრიკას მიაშურა

"სხვა აღარავინ დარჩა": რუსეთისთვის მეგობრების საძებნად ლავროვმა კვლავ აფრიკას მიაშურა

08/02/2023 20:09:32 მსოფლიო

ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ, რუსეთის მთავარი დიპლომატი სერგეი ლავროვი აფრიკაში გაემგზავრა. მიზანი საერთაშორისო დიპლომატიური ბლოკადის "გარღვევა" და ახალი მუშტრის მოძიებაა საერთაშორისო ემბარგოს ქვეშ აღმოჩენილი რუსული ნავთობისა და იარაღის გასასაღებლად, - წერს "The Moscow Times".

იანვრის ბოლოს ანგოლაში, ერითრეასა და ლესოტოს სამეფოში ვიზიტების შემდეგ ლავროვმა ამჯერად მალის მიაშურა, სადაც 7 თებერვალს იქაურ კოლეგა აბდულა დიოპას შეხვდა, ხოლო შემდეგ გაფრინდა მავრიტანიაში, სადაც რუსი დიპლომატი თავის სასახლეში პრეზიდენტმა მოჰამედ ულდ გაზვანიმ მიიღო.

მალიშივე ლავროვს "ეროვნული ორდენის კომანდორის" ხარისხი მიანიჭეს და ტაკუბას ხმალი უსახსოვრეს.

თუმცა, როგორც ირკვევა, ამ ყველაფერს ჰქონდა ძალიან კონკრეტული ფასი: როგორც ჟურნალისტებს ლავროვმა აცნობა, რუსეთმა მალის ავიატექნიკის მსხვილი პარტია გაუგზავნა, "საიმედოდ უზრუნველყოფს" ქვეყნის საჭიროებებს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმარულებით და მზადაა, "ხელი შეუწყოს" არმიის გაძლიერებას.

"ამ კუთხით ჩვენს მეგობრებს მალიდან კონკრეტული სურვილები გააჩნიათ და ჩვენის მხრივ მზად ვართ, გავაგრძელოთ მათი დაკმაყოფილება" - განაცხადა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა.

რაც შეეხება მავრიტანიაში ვიზიტს, ლავროვმა იქ "აფრიკის მიმართ დასავლეთის კოლონიალური პოლიტიკა" გააკრიტიკა, ეჭვქვეშ დააყენა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ აფრიკელი დიქტატორების დანაშაულების გამოძიების ობიექტურობა და გარდა ამისა, რუსული ენერგომატარებლებისა და სასუქის რეგულარული მიწოდებების ორგანიზების წინადადება გააჟღერა.

"ჩვენ ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საერთო ხედვა გაგვაჩნია", — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ "ამ ხედვას მავრიტანელი ბიზნეს-ოპერატორებიც იზიარებენ".

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დიპლომატიურ ასპარეზზე მუშაობის 50-წლიანი სტაჟის მქონე ლავროვი კარიერის მიწურულს საერთაშორისო განკვეთილადაა ქცეული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო და ახლა მისი კონტაქტების ჩამონათვალი სულ რამდენიმე "მეგობრული" ქვეყნითა და დიქტატორული რეჟიმით შემოიფარგლება. ნოემბერში ინდონეზიაში, G20-ის სამიტზე ლავროვთან შეხვედრაზე 20 მონაწილე ქვეყნიდან 19-ის დელეგაციებმა განაცხადეს უარი, ინდოეთის, თურქეთის, ბრაზილიის, საუდის არაბეთისა და მექსიკის ჩათვლით, რომელთაც მოსკოვი ტრადიციულად, "მეგობრულად" მიიჩნევდა.

ახლა ლავროვი, რომელიც ირწმუნებოდა, "რუსეთის იზოლირება შეუძლებელიაო", აფრიკაში დაიარება, რადგან "სხვა აღარავინ დარჩა", - ამბობს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ხელმძღვანელი ფეოდორ ლუკიანოვი.

"მეტი სად შეუძლია, წავიდეს?! წარსულში ლავროვი მუდმივი სტუმარი იყო დასავლეთის ქვეყნების, არ ტოვებდა არც ერთ საერთაშორისო ფორუმს... ახლა მისთვის ეს ყველაფერი დასრულებულია", — დასძენს ლუკიანოვი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S