"ვითარება კატასტროფულია": Oryx ომის წლისთავისთვის რუსეთის სამხედრო დანაკარგებს აჯამებს
08/02/2023 15:34:22 მსოფლიო
სამხედრო ანალიტიკური ბლოგი Oryx უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავისთვის მოსკოვის სამხედრო დანაკარგებს აჯამებს და ამ დროისთვის არსებულ შუალედურ შედეგებს "კატასროფულად" აფასებს.
Oryx-ის 8 თებერვლის მონაცემებით, რუსეთს ომში ზუსტად 1000 ტანკი გაუნადგურდა, დაწყებული 1960 წლის წარმოების Т-62-ებიდან, დამთავრებული თანამედროვე Т-90-ებითა და ბოლო მოდიფიკაციის Т-90М-ებით.
ამასთან, ორი ერთეული Т-90М უკრაინელებმა ჯერ კიდევ შეფუთული ჩაიგდეს ხელში.
მთლიანობაში კი, რუსული არმიის სატანკო დანაკარგები 1688 ერთეულ მანქანას, ანუ დღეში საშუალოდ 4,8 ერთეულს შეადგენს, - წერს Oryx.
განადგურებულის გარდა, სატანკო დანაკარგებს უნდა მიეთვალოს 79 დაზიანებული, 65 მიტოვებული და უკრაინელების ხელთ ჩავარდნილი 544 ტანკი.
რაც შეეხება ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის არმიის ტექნიკის ჯამურ (ტანკები, ჯავშანტექნიკა, სარაკეტო კომპლექსები, კავშირის ცენტრები, ვერტმფრენები და თვითმფრინავები, საარტილერიო სისტემები და სხვა) დანაკარგს, იგი უკვე 10 000 ერთეულს მიუახლოვდა. ანუ, დღეში პუტინის არმია საშუალოდ 26 ერთეულ ტექნიკას კარგავს.
თუმცა გარკვეულ პერიოდებში დანაკარგი ბევრად დიდი იყო. ასე, მაგალითად, ხარკოვის ოლქზე შემოდგომის შეტევისას უკრაინელებმა რუსული არმიის ერთბაშად 200-მდე ტანკი ჩაიგდეს ხელში, რითაც იმ დროისთვის არსებული ნადავლის ოდენობა თითქმის გააორმაგეს. მარტო 6-10 სექტემბრის პერიოდში იზიუმის მიდამოებში მყოფმა გვარდიის რუსულმა სატანკო არმიამ ტექნიკის დაახლოებით ნახევარი - 100-მდე ტანკი დაკარგა.
თავის მხრივ, უკრაინულმა სატანკო ნაწილებმა ნადავლის წყალობით თითქმის სრულად შეივსეს საკუთარი ჯამური დანაკარგი: დაკარგეს რა 459 მანქანა, რუსებს 544 დააკარგვინეს, რომელთაგან 273 გაუნადგურეს, 27 დაუზიანეს, 17 ბრძოლის ველზე დაატოვებინეს და კიდევ 142 ჩაიგდეს ხელში.
ამასთან, განადგურებულ და დაზიანებულ რუსულ ტანკებს უკრაინელები შლიან და საკუთარის რემონტისთვის იყენებენ.
ამჟამად, როგორც ცნობილია, დასავლეთის ქვეყნები უკრაინისთვის საკუთარი მძიმე ტექნიკის მისაწოდებლად ემზადებიან, რათა რუსეთის მიერ სავარაუდოდ, ომის წლისთავისთვის დაგეგმილი ახალი შეტევის მოგერიებასა და ტერიტორიების დეოკუპაციაში დაეხმარონ.
თუმცა დასავლური ტანკების ნაწილი რუსეთის შეტევის დაწყების დროისათვის უკრაინაში შესაძლოა, ჯერ ვერ მოხვდეს.
ჯერ-ჯერობით გერმანიას უკრაინისთვის 1960 წ. წარმოების 187 ერთეული Leopard 1-ის მიწოდების ნებართვა აქვს გაცემული. მათგან პირველი 100 ერთეული კიევს უახლოეს თვეებში მიეწოდება. მაგრამ მათგან გარკვეული რაოდენობის გამოყენებას უკრაინელები მხოლოდ სათადარიგო ნაწილებად შეძლებენ, მათ შორის - თანამედროვე მოდელ Leopard 2-ისთვის, რომლის კიევისთვის მიწოდების თაობაზე ბერლინი ვაშინგტონს მოელაპარაკა, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, 31 ერთეული ამერიკული Abrams-ის მიწოდებას დასთანხმდა. თუმცა საჭირო იქნება ამ უკანასკნელთა წარმოება ნულიდან. Leopard 2 A6s-ის მოდელის 14 ტანკს კი უკრაინა გერმანიისგან, როგორც მოსალოდნელია, უკვე მარტის ბოლოსთვის მიიღებს, - წერს "Bloomberg".
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას აპირებს, რომ სხვა ქვეყნები, რომელთაც Leopard 2 გააჩნიათ, ორი სატანკო ბატალიონის ფორმირებაში დაეხმარონ (ამასთან, გერმანულ ბატალიონში 44 ტანკია, უკრაინულში - 31 და შოლცს არ დაუკონკრეტებია, რომელს გულისხმობდა).
ამჟამად გერმანია ევროპის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს მართავს. მათგან საკუთარი ტანკების გამოყოფის მყარი დაპირება ჯერ-ჯერობით პორტუგალიას აქვს მიცემული, თუმცა რა რაოდენობაზეა საუბარი - არ დაკონკრეტებულა, - წერს "Bloomberg". დანია, ნორვეგია, ფინეთი და ნიდერლანდები აცხადებენ, რომ მზად არიან "ლეოპარდების" მისაწოდებლად, თუმცა კონკრეტული წინადადებები ჯერ ფორმულირებული არ აქვთ.
ჯამში, 13 ევროპულ ქვეყანაში 2000-მდე ერთეული "Leopard 2" მოიპოვება.
კანადამ კი იანვარში უკრაინისთვის ამ მოდელის 4 მანქანის მიწოდების თანხმობა განაცხადა.


