
თურქეთის 10 პროვინციაში 77 საველე ჰოსპიტალი გაიხსნა
08/02/2023 13:21:32 მსოფლიო
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ქვეყნის 10 პროვინციაში 77 საველე ჰოსპიტალი გაიხსნა.
როგორც თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საველე ჰოსპიტლების ნაწილში ქირურგიული ოპერაციების ჩატარებაც არის შესაძლებელი.
დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტიქიით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ქაჰრამანმარაშში ჩავიდა.
"ქაჰრამანმარაშის აღდგენას ერთ წელიწადში ვგეგმავთ", – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.
"მთავრობა გეგმავს 10,000 თურქული ლირას (დაახლოებით $531 აშშ დოლარი) გამოყოფას მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. ასევე მოვაწყობთ სასტუმროებს, რომლებშიც მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში დარჩენა შეეძლებათ", – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11 104–მდე გაიზარდა.
თურქეთში, სულ მცირე, 8 574 ადამიანი დაიღუპა, სირიაში – 2 530
ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.