"გარეკა": რუსულ ელიტებს პუტინის ადექვატურობაში ეჭვი უჩნდებათ
08/02/2023 12:47:03 მსოფლიო
უკრაინასთან თითქმის ერთწლიანი ომი, რომელიც რუსეთს ბლიცკრიგით სწრაფი გამარჯვების ნაცვლად სისხლიან "ხორცის საკეპად" ექცა და ვლადიმირ პუტინის ქვეყანა მთავარ მსოფლიო განკვეთილად აქცია, რუს მაღალჩინოსნებსა და მსხვილ ბიზნესში მზარდ ფრუსტრაციას იწვევს. რუსულ ელიტებში სულ უფრო მეტად იზრდება შფოთვა პრეზიდენტის ადექვატურობასთან დაკავშირებით, - წერს "Bloomberg" ევროპული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, ფრონტზე წარუმატებლობების მთელი წყებისა და სანქციების უპრეცედენტო ტალღის მიუხედავად, პუტინი უარს ვერ ამბობს უკრაინის დამარცხების იდეაზე, რისთვისაც მზადაა, ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაცია განახორციელოს, რუსული ეკონომიკა მსხვერპლად გაიღოს და ფრონტზე არნახულ ადამიანურ დანაკარგს შეეგუოს.
მიუხედავად იმისა, რომ ელიტებს პუტინის ადექვატურობაში სულ უფრო დიდი ეჭვი ეპარებათ, "უმრავლესობას გამბედაობა არ ჰყოფნის, ვითარების შესაცვლელად რეალური ნაბიჯები გადადგას", - ციტირებს "Bloomberg" ესტონეთის საგარეო დზვერვის სამსახურის (EFIS) მოხსენებას.
"არავითარი ნიშანი იმ ჯგუფების გაჩენისა, რომლებიც პოტენციურ პოსტ-პოტინისეულ რუსეთში დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულნი იქნებოდნენ, ჯერ არ ჩანს", - ნათქვამია დოკუმენტში. - "პირიქით, ძალას იკრებენ რადიკალური პროსაომარი ფრაქციები, მაგალითად, გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრგოჟინისა და ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის სახით. რუსეთში, ფაქტობრივად, ფორმირდება "სსრკ 2.0" და ჰორიზონტზე არც "ელცინი" ჩანს, არც "გორბაჩოვი".
პუტინს, დოკუმენტის თანახმად, დროისა და იმის იმედი აქვს, რომ დასავლეთი და უკრაინა რუსეთზე ადრე "გატყდებიან", გაუთავებელი დაბომბვები კი, საბოლოო ჯამში, აიძულებს კიევს, კრემლის პირობებით მოლაპარაკებათ მაგიდას მიუჯდეს. "მიუხედავად იმისა, რომ სანქციებმა და დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებამ რუსული შეჭრის არქიტექტორები სახტად დატოვა, კრემლი უკან ვეღარ იხევს და პუტინის ხელისუფლება გამალებით აგრძელებს პროპაგანდისტული იმპერიალიზმის მთოდების გამოყენებას" - ნათქვამია მოხსენებაში.
რაც შეეხება საკუთრივ პუტინის ფსიქიკურ მდგომარეობას, ამერიკული სპეცსამსახურები აქტიურად სწავლობენ მას სულ მცირე, გასული წლის გაზაფხულიდან. ფსიქიატრი ანალიტიკოსების ყურადღება მიიპყრო, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტის 21 აპრილის შეხვედრამ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან, რომელზეც იმხანად ჯერ კიდევ არაღებულ მარიუპოლში არსებული ვითარება განიხილებოდა.
როგორც "Newsweek" წერდა, იმ შეხვედრის კადრები ფსიქიატრებმა და დისტანციური დიაგნოსტიკის სპეციალისტებმა შეისწავლეს, რის შემდეგაც მოხსენება თეთრ სახლს გადაუგზავნეს.


