
ერდოღანი მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ქაჰრამანმარაშში ჩავიდა
08/02/2023 11:37:17 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტიქიით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ქაჰრამანმარაშში ჩავიდა.
პრეზიდენტი დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.
მისი თქმით, იყო გარკვეული პრობლემები თავდაპირველ რეაგირებაში, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ახლა სამაშველო სამუშაოები ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ჩვენ მობილიზებული გვაქვს მთელი რესურსი. სახელმწიფო თავის საქმეს აკეთებს", – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11 104–მდე გაიზარდა.
თურქეთში, სულ მცირე, 8 574 ადამიანი დაიღუპა, სირიაში – 2 530
ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.