უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 22 დასახლებულ პუნქტთან
08/02/2023 07:02:58 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 8 სარაკეტო დარტყმა, მათგან 5 ქალაქ ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, 21 საავიაციო დარტყმა და 39 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ნიკოლაევის და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე და ამ მიზნით, ძირითადი ძალისხმევა მიმართული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ამ მიმართულებებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 18 დასახლებული პუნქტის რაიონში.
გენშტაბის მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 12 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 2 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 7 რაიონი, მართვის 2 პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი. განადგურებულია რუსული თვითმფრინავი სუ-25, ვერტმფრენი მი-24 და 2 უპილოტო საფრენი აპარატი.


