ბაიდენი: "უკრაინის გვერდით ვიდგებით მანამ, ვიდრე საჭირო იქნება"
08/02/2023 06:04:36 მსოფლიო
აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მათ შორის უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე ისაუბრა.
„მე ამ დარბაზში ვისაუბრე ერთი წლის წინ, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის გაჩაღებიდან რამდენიმე დღეში. ეს იყო საუკუნეების ტესტი, ტესტი ამერიკისთვის, ტესტი მსოფლიოსთვის. მხარს დავუჭერდით სუვერენიტეტს? მხარს დავუჭერდით ხალხის უფლებას, იცხოვრონ ტირანიის გარეშე? დავდგებოდით დემოკრატიის დასაცავად? დიახ, ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ ერთად გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკა ყოველთვის აკეთებს, რაც შეუძლია საუკეთესოდ. ჩვენ გავაერთიანეთ ნატო. ჩვენ შევქმენით გლობალური კოალიცია. ჩვენ შევეწინააღმდეგეთ პუტინის აგრესიას. ჩვენ დავდექით უკრაინელი ხალხის გვერდით“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
მან დარბაზში მყოფ უკრაინის ელჩს მიმართა და განუცხადა, რომ ამერიკა ერთიანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში.
"ჩვენ თქვენთან ვიდგებით მანამ, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ ვიღვწით მეტი თავისუფლებისთვის, მეტი ღირსებისა და მეტი მშვიდობისთვის, არა მარტო ევროპაში, არამედ ყველგან“, -აღნიშნა ბაიდენმა.


