სომხეთი თურქეთში მაშველებს გზავნის
07/02/2023 18:40:26 მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.
მისი ცნობით, ფაშინიანმა სამძიმარი და მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტსა და თურქ ხალხს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო.
ფაშინიანის თქმით, თვითმფრინავი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის სამაშველო ძალებს სტიქიის ზონაში გადაჰყავს, ერევნის “ზვარტნოცის” აეროპორტიდან ასაფრენად ემზადება.
სომხეთის მთავრობის ცნობით, ერდოღანმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა დიდად აფასებს სომხეთის მხარდაჭერას და ხაზი გაუსვა ამ ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის დიალოგის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისითაც.


