ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა რეკორდული ოდენობის კრიპტოვალუტა მოიპარეს
07/02/2023 13:57:15 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის ჰაკერებმა, რომლებსაც ქვეყნის სპეცსამსახურები აკონტროლებენ, 2022 წელს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს, რაც რეკორდი იყო დაკვირვებების ისტორიაში. ფინანსური აქტივების გარდა, ისინი დაინტერესდნენ უცხოური თავდაცვისა და საჰაერო კოსმოსური კომპანიების მონაცემებით, წერს Reuters გაეროს კონფიდენციალურ ანგარიშზე დაყრდნობით.
„ჩრედილოეთ კორეამ გამოიყენა დახვეწილი კიბერ ტექნოლოგია როგორც კიბერფინანსირებაში ჩართულ ციფრულ ქსელებზე წვდომისთვის, ასევე პოტენციურად ღირებული ინფორმაციის მოსაპარად, მათ შორის საკუთარი იარაღის პროგრამებისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.
სამხრეთ კორეის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა მოიპარეს 630 მილიონი დოლარის ღირებულების ვირტუალური აქტივები, ხოლო კიბერუსაფრთხოების ფირმამ თანხა შეაფასა 1 მილიარდ დოლარად. ანალიტიკოსების განმარტებით, შეუსაბამობა შეიძლება გამოწვეული იყოს კრიპტოვალუტის კურსის არასტაბილურობით.
ჰაკერები ავრცელებდნენ მავნე პროგრამას სხვადასხვა გზით, მათ შორის ფიშინგს. ერთ-ერთი ასეთი კამპანია მიმართული იყო სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლებზე. „პირველადი კონტაქტი ადამიანებთან განხორციელდა LinkedIn-ის მეშვეობით და მას შემდეგ, რაც დამყარდა ნდობის ურთიერთობა, მავნე პროგრამა მიწოდებული იქნა WhatsApp-ის მეშვეობით“, - ნათქვამია მოხსენებაში.
გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჯგუფი HOlyGhOst ეწეოდა გამოძალვას მცირე და საშუალო ბიზნესის მონაცემების მოპარვით.
მანამდე გაეროს დამკვირვებლები ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებდნენ კიბერშეტევების გამოყენებაში მისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამების დასაფინანსებლად. 2019 წელს იუწყებოდნენ, რომ რამდენიმე წელიწადში ფხენიანმა ამ გზით დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის მოპოვება მოახერხა.
გასულ მაისში ჩინეთმა და რუსეთმა გაეროში ვეტო დაადეს აშშ-ის ინიციატივას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესების შესახებ. შეზღუდვები მოიცავდა Lazarus–ის აქტივების გაყინვას. ჯგუფს ბრალად ედება WannaCry–ის პროგრამებზე თავდასხმები, საერთაშორისო ბანკებისა და მომხმარებლების ანგარიშების გატეხვა და კიბერშეტევები Sony Pictures Entertainment-ზე 2014 წელს. 2022 წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა Lazarus დააკავშირა პოპულარული ონლაინ ვიდეო–თამაშის Axie Infinity-ის წევრებისგან 620 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მოპარვასთან.


