
დანილოვი: „უკრაინას აქვს იარაღი, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე შეუძლია სამიზნეების განადგურება“
07/02/2023 13:15:57 ევროპა
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ კიევი ფლობს იარაღს, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე შეუძლია სამიზნეების განადგურება,– წერს CNN.
„რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიას, არავინ გვიკრძალავს უკრაინული წარმოების იარაღით სამიზნეების განადგურებას. გვაქვს ასეთი იარაღი? დიახ, გვაქვს“, - თქვა დანილოვმა.
გასულ თვეში ABC News-თან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა, უარი თქვა რუსეთის ავიაბაზებზე მიტანილ იერიშზე აეღო პასუხსიმგებლობა, თუმცა გამოთქვა ვარაუდი, რომ მსგავსი დარტყმები უფრო და უფრო სიღრმეში განხორციელდება.
დანილოვმა CNN-ისთვის მიცემულ კომენტარში ასევე გამოთქვა რწმენა, რომ მიუხედავად ამ ეტაპზე არსებული დისკუსიებისა, საბოლოოდ უკრაინა მიიღებს ამერიკული წარმოების F-16 გამანადგურებლებს:
„F-16-ის მიღება მხოლოდ დროის საკითხია. აუცილებლად გააკეთებენ. სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში ვკარგავთ ხალხს, რომლებიც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან“.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოკავშირეების მიმართ სეტევით იარაღზე მოთხოვნები გააძლიერეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს შორის არის სამხედრო თვითმფრინავები და შორი მანძილის რაკეტები.
საფრანგეთი არ გამორიცხავს უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნას, მაგრამ რამდენიმე პირობას აყენებს – კერძოდ, ასეთი ტექნიკის გადაცემამ არ უნდა გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან „შეასუსტოს საფრანგეთის არმიის პოტენციალი“. პოლონეთსაც აქვს მსგავსი მზაობა. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ც გააკეთა კომენტარი მსგავს შესაძლებლობაზე. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებს ჯერ არ მიუღიათ „მტკიცე გადაწყვეტილება“ ამ საკითხთან დაკავშირებით.