Accentnews.ge
ომის ფონზე რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ რუსეთს ყველაზე ხშირად

ომის ფონზე რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ რუსეთს ყველაზე ხშირად

07/02/2023 12:20:38 მსოფლიო

რუსეთი აღარ არის უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანა. 2022 წელს ტურისტული ნაკადი უფრო ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე 2020 და 2021 წლებში, ხოლო პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 96%-ით შემცირდა,– ამგვარია ტუროპერატორთა ასოციაციის სტატისტიკა, რომელიც რუსეთის სასაზღვრო სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა.

ამ მონაცემების მიხედვით, გასულ წელს რუსეთში მხოლოდ 200 100 უცხოელი ტურისტი ჩავიდა. 2020 წელს იგივე მიზნით რუსეთს 335 800 უცხოელი ესტუმრა, 2021 წელს – 288 300, ხოლო 2019 წლის კოვიდამდელ პერიოდში – 4,9 მილიონი.

ყველაზე მეტი ვიზიტი 2022 წელს გერმანიის მოქალაქეებმა (25 400 ვიზიტორი) განახორციელეს. 2019 წელს – 522 200. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, უკრაინის ომის გამო რუსეთისთვის ცის ჩაკეტვამ და უცხოური რუკების გამოყენების შეუძლებლობამ პრაქტიკულად ნულამდე შეამცირა ორგანიზებული ტურიზმი ევროპიდან. ბაზრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ვიზიტის მიზნად ტურიზმს მიუთითებენ არა მხოლოდ ის უცხოელები, რომლებიც რეალურად ჩადიან რუსეთში სამოგზაუროდ, არამედ, ხშირად საუბარია პირად და საქმიან ვიზიტებზეც.

მეორე პოზიციაზეა თურქეთი: ამ ქვეყნის მოქალაქეებმა გასულ წელს რუსეთში 22600 ვიზიტი განახორციელეს, 2021 წელს – 23 200, 2020 წელს – 15 800.

მესამე ადგილი უკავია ირანს, რომლის მოქალაქეებმა 14 600 ტურისტული ვიზიტი განახორციელეს. ეს 14-ჯერ აღემატება 2020-2021 წლების მაჩვენებლებს, მაგრამ ჩამორჩება 2019 წლის (29200 ვიზიტორი) შედეგს.

2022 წელს ტურისტული ნაკადის მიხედვით მეოთხე ადგილს ყაზახეთი იკავებს (13,3 ათასი ვიზიტორი). 2021 წელთან შედარებით ტურისტული ნაკადი თითქმის 4000 ვიზიტით გაიზარდა. კუბელი ტურისტები რუსეთს 2022 წელს 11300-ჯერ ეწვივნენ. ერთი წლით ადრე 72 000-ზე მეტი კუბელი ეწვია რუსეთს.

პანდემიამდე მთავარი ტურისტული ნაკადი რუსეთში ჩინეთიდან მიდიოდა. თუმცა Covid-ის შეზღუდვებმა ამ მიმართულებით პრობლემები შექმნა: 2019 წელს ჩინელებმა რუსეთში 1,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განახორციელეს, 2022 წელს - მხოლოდ 842.

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ასევე მნიშვნელოვნად აშშ-დან შემცირდა ტურისტული ნაკადი, რომელიც მანამდე ათეულში შედიოდა: 2019 წელს ამ ქვეყნის მოქალაქეებმა რუსეთში 241 000 ტურისტული ვიზიტი განახორციელეს, 2022 წელს - 5600.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S