
ვინ წარადგენს რუსულ მხარეს "აბაშიძე-კარასინის" შეხვედრებზე - ზახაროვას განმარტება
01/11/2019 16:28:57 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით,
გრიგორი კარასინი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, თუმცა სექტემბრიდან სენატორია, კვლავაც გააგრძელებს მონაწილეობას რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკებებში.
„რუსეთის ხელისუფლების დავალებით, ბატონი კარასინი ამ ფორმატში მუშაობას განაგრძობს. მომდევნო, რიგით 23-ე შეხვედრა პრაღაში, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გაიმართება“ - განაცხადა ზახაროვამ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, კარასინი-აბაშიძის ფორმატი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საქმეში.
„ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ გვაქვს ჰუმანიტარული, ტექნიკური კონტაქტები. ადამიანები სულ უფრო მეტად დადიან ერთმანეთთან“, - აღნიშნა ზახაროვამ.
აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრა პრაღაში ბოლოს 13 ივნისს შედგა.