თურქეთი NATO–ს დახმარებას სთხოვს
07/02/2023 09:02:10 მსოფლიო
დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთი NATO–ს დახმარებას სთხოვს.
კერძოდ, ალიანსის ცნობით, ანკარამ NATO–ს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრს (EADRCC ) შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართა.
თურქეთი ალიანსს, მათ შორის გადაუდებელ სამედიცინო აღჭურვილობას, სამაშველო გუნდებს და საველე ჰოსპიტალებს სთხოვს.
EADRCC არის NATO–ს მთავარი სამოქალაქო საგანგებო რეაგირების მექანიზმი და მოიცავს ალიანსის ყველა მოკავშირესა და პარტნიორ ქვეყანას. ის ფუნქციონირებს, როგორც ინფორმაციის გაცვლის სისტემა, რათა კოორდინაცია გაუწიოს მოთხოვნებსა და დახმარებას, ძირითადად სტიქიური უბედურებების შემთხვევაში.
ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3300-ს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 3 381 ადამიანი. დაშავებულია 20 424 პირი.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიას 1 509 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 3 548 პირი.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.


