
ელჩი – თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულ 8 ქართველს ეძებენ
07/02/2023 08:45:19 პოლიტიკა, საზოგადოება
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულ 8 ქართველს ეძებენ. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი შეტყობინება დიპლომატიურ უწყებაში დღეს დილის შემდეგ შევიდა.
როგორც მან აღნიშნა, ამ დროის მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა.
ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3300-ს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 3 381 ადამიანი. დაშავებულია 20 424 პირი.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიას 1 509 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 3 548 პირი.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.