მედია– ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სირიაში, ერთ-ერთი ციხიდან მინიმუმ, 20 პატიმარი გაიქცა
07/02/2023 06:35:25 მსოფლიო
სირიის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც ორშაბათს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ რაჯოს ციხიდან, სულ მცირე, 20 პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას AFP წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ციხეში პატიმართა უმრავლესობა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლია.
წყარომ მედიასთან განაცხადა, რომ 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რომელსაც რეგიონში ათობით ბიძგი მოჰყვა, ციხის კედლები და კარი დააზიანა:
"მიწისძვრის შემდეგ, ქალაქი რაჯო დაზარალდა, რის შემდეგაც პატიმრებმა დაიწყეს აჯანყება და აიღეს კონტროლი ციხის ნაწილებზე... დაახლოებით 20 პატიმარი გაიქცა. ისინი, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები არიან".
ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. თურქეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 2921 ადამიანი დაიღუპა და 15 834 დაშავდა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიას 1293 ადამიანი ემსხვერპლა.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.


