თურქეთში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა
06/02/2023 18:43:02 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
„ქვეყანაში 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების გამო შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა. ჩვენი დროშები დაშვებული იქნება 2023 წლის 12 თებერვალამდე, კვირამდე, მზის ჩასვლამდე, მთელ ჩვენს ქვეყანაში და უცხოურ წარმომადგენლობებში“,- თქვა ერდოღანმა.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მას მოჰყვა განმეორებითი ბიძგები, თუმცა შუადღისას 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა.
გარდაცვლილთა რაოდენობა 1 651-მდე გაიზარდა, დაშავდა 11 199 ადამიანი. ვარაუდობენ, რომ მონაცემები მნიშნელოვნად გაიზრდება, რადგან ნანგრევებს ქვეშ ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, კლიმატური პირობები ართულებს უწყვეტად მიმდინარე სამუშაოებს, ამასთან, დღეს თურქეთში ყინვას პროგნოზირებენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი ადამიანების მდგომარეობას.
ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, დახმარებოსთვის მზაობა 45–მა ქვეყანამ, ევროკავშირმა და ნატომ გამოხატა, მათ შორისაა საქართველო. ქართველ მაშველთა ჯგუფი ტექნიკასთან ერთად გაემგზავრა თურქეთისკენ.


