
თურქეთში მიწისძვრამ II-IV საუკუნის ისტორიული ციხე-სიმაგრე დააზიანა
06/02/2023 09:53:26 მსოფლიო
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვირის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა გაზიანთეფის ისტორიულ ციხე-სიმაგრეს, რომელიც II-IV საუკუნეებშია აშენებული.
CNNTurk-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ განსაკუთრებული ზიანი მიადგა ციხე-სიმაგრის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებს. სტიქიის შედეგად ნაწილობრივ ჩამოიშალა ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე მე-17 საუკუნეში აშენებული ისტორიული შირვანის მეჩეთის აღმოსავლეთ კედელი და გუმბათი.
გაზიანთეფის ციხე-სიმაგრე რომაულ პერიოდს მიეკუთვნება და სავარაუდოდ, II-IV საუკუნეში აშენდა. ამჟამინდელი სახე ციხე-სიმაგრემ VI საუკუნეში (527-565) ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობის პერიოდში მიიღო, რომელსაც ისტორიულ წყაროებში სასახლის „არქიტექტორად მოიხსენიებდნენ“.
ცნობისთვის: დღეს თურქეთის ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 284-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2000–ზე მეტი ადამიანი.
სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში დაიღუპა 237 ადამიანი - ალეპოს, ლატაკიის, ჰამასა და ტარტუსის პროვინციებში.სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი.
ორივე ქვეყანაში აცხადებენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას.