
კულუმბეგოვი – 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი „კრაკენი“ ალბათ დომინანტი გახდება
06/02/2023 09:36:01 საზოგადოება
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი „კრაკენი“ ალბათ დომინანტი გახდება. ამის შესახებ მან მედიაცენტრ „მთავარში“ ისაუბრა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს, რადგან მას დაცვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძველს, სტანდარტულ ვაქცინას.
როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ამბობს, კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის“ ყველა სხვა შტამისგან განსხვავებით ყველაზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება:
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას 2023 წლის იანვარშიც კი არ აქვს ბივალენტური – ახალ „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინის არცერთი დოზა. რა თქმა უნდა, ახლა მეტი აქცენტი უნდა გვქონდეს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რათა ჰოსპიტალიზაცია შევამციროთ. როგორც ვხედავთ, ლოკალური ექსპერტების ინფორმაციით, 500-მდე ახალი შემთხვევა გვაქვს და 300 ჰოსპიტალიზებულია. ჩვენი საწოლფონდის გათვალისწინებით, ჰოსპიტალში მყოფი 300 პაციენტი ცოტა ციფრი.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადება დასუსტებულია, გლობალური საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერ არ ჩქარობს, რომ პანდემია დასრულებულად გამოაცხადოს. [...] ევროკავშირის 28 ქვეყანას თუ შევხედავთ, ახალი ბივალენტური ვაქცინით, ზოგ ქვეყანაში, თითქმის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის 20-80 პროცენტია აცრილი“.
მისი თქმით, პირბადის გამოყენება ზამთრის პერიოდში მნიშვნელოვანია და ეს ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი თავის დაცვის საშუალებაა.