
პრემიერის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა თურქეთს სამაშველო ღონისძიებებისთვის შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გაუგზავნის
06/02/2023 09:16:58 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან.
ცნობისთვის: დღეს თურქეთის ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 284-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2000–ზე მეტი ადამიანი.
სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში დაიღუპა 237 ადამიანი - ალეპოს, ლატაკიის, ჰამასა და ტარტუსის პროვინციებში.სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი.
ორივე ქვეყანაში აცხადებენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას.