
აშშ–ის გეოლოგიური სამსახური არ გამორიცხავს, რომ თურქეთის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10 000 –მდე გაიზარდოს
06/02/2023 08:42:14 მსოფლიო
აშშ–ის გეოლოგიური სამსახური (USGS) არ გამორიცხავს, რომ თურქეთის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10 000 მდე გაიზარდოს.
"მაღალი მსხვერპლი და დიდი ზარალი სავარაუდოა", – აცხადებს USGS.
მისი ვარაუდით, ეკონომიკური ზარალი 1-დან 10 მილიარდ დოლარამდე იქნება, რაც თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს.
ცნობისთვის: დღეს თურქეთის ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 284-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2000–ზე მეტი ადამიანი.
სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში დაიღუპა 237 ადამიანი - ალეპოს, ლატაკიის, ჰამასა და ტარტუსის პროვინციებში.სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი.
ორივე ქვეყანაში აცხადებენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას.