Accentnews.ge
მსოფლიო ლიდერები თურქეთს სამძიმარს უცხადებენ და დახმარებას სთავაზობენ

მსოფლიო ლიდერები თურქეთს სამძიმარს უცხადებენ და დახმარებას სთავაზობენ

06/02/2023 08:31:20 მსოფლიო

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მსოფლიო ლიდერები თურქეთს სამძიმარს უცხადებენ და დახმარებას სთავაზობენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუსამძიმრა დაღუპულებს და დახმარება შესთავაზა თურქეთს.

"ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით ამ რთულ დროს. ჩვენ მზად ვართ, გავუწიოთ საჭირო დახმარება კატასტროფის შედეგების დასაძლევად", - განაცხადა ზელენსკიმ.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდის განცხადებით, იგი მწუხარებას გამოთქვამს მსხვერპლის გამო:

”ინდოეთი სოლიდარობას უცხადებს თურქ ხალხს და მზად არის შესთავაზოს ყველა შესაძლო დახმარება ამ ტრაგედიის დასაძლევად”.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა სამძიმარი გამოუცხადა როგორც თურქ, ისე სირიელ ხალხს.

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ „ისრაელის სახელმწიფო ყოველთვის მზადაა, დახმარებისთვის. ჩვენი გული ამ მტკივნეულ მომენტში მწუხარე ოჯახებთან და თურქ ხალხთანაა“.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ღრმად შეშფოთებულია სირიასა და თურქეთში მომხდარი ნგრევის გამო".

„მე დავუკავშირდი თურქეთის ოფიციალურ პირებს, რათა მეთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ, გავუწიოთ ნებისმიერი სახის დახმარება მათ. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს თურქეთთან კოორდინაციით“, - აცხადებს სალივანი.

ნიდერლანდების განცხადებით, ქვეყანა გაგზავნის სამძებრო-სამაშველო ჯგუფს თურქეთსა და სირიაში.

„ამ გუნდში შედიან პოლიციელები და სამხედრო პერსონალი, პირველადი დახმარების ოპერატორები და მეხანძრეები", – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ საბერძნეთი ასევე „მოიზიდავს თავის რესურსებს“ და „დაუყოვნებლივ“ დაეხმარება თურქეთს.

სერბეთის, აზერბაიჯანის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შვედეთის ლიდერებმა ასევე დაჰპირდნენ, რომ დახმარებას გაუგზავნიან რეგიონს.

თურქეთს დახმარება შესთავაზა საქართელომაც.

„უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის: დღეს თურქეთის ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 284-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2000–ზე მეტი ადამიანი.

სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში დაიღუპა 237 ადამიანი - ალეპოს, ლატაკიის, ჰამასა და ტარტუსის პროვინციებში.სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი.

ორივე ქვეყანაში აცხადებენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S