"ეს თვითმკვლელობაა! განწყობამ პანიკის სტადიას მიაღწია": რუს სამხედროებს პუტინის ახალი დავალება აშინებთ
06/02/2023 07:58:36 მსოფლიო
რუსეთის ხელმძღვანელობა ითხოვს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ მოამზადოს უკრაინაზე ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის გეგმა, მათ შორის, კიევის აღების ახალი მცდელობისთვის,– იუწყება «Важные истории» უწყებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, სამხედროებს შორის, რომელთაც „აზროვნების უნარი აქვთ“, განწყობამ „პანიკის“ სტადიას მიაღწია და ამ სიტყვას თავად ოფიცრები იყენებენ.
„კიევზე კვლავ წასვლის გეგმებს ნამდვილად ხატავენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ქვეყნის ხელმძღვანელობა მოითხოვს. არავის სჯერა ამ გეგმების განხორციელების რეალურობის, ეს თვითმკვლელობა იქნება“, - განაცხადა გამოცემის თანამოსაუბრემ.
გამოცემის წყაროს თქმით, მიუხედავად ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლისა, სამხედროებს ესმით, რომ უკრაინაზე სტრატეგიული შეტევა შეუძლებელია. ხოლო ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: მაღალი ხარისხის ტექნიკისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობა, ასევე უმაღლესი სარდლობის უუნარობა, რეალურად შეაფასოს სიტუაცია ფრონტზე.
„ასობით ათასი მობილიზებულიც კი, რომლებიც შეკრიბეს საზღვარზე, სარეზერვო ნაწილებში, მხოლოდ "რეზერვია", რომელიც არმიას სჭირდება უკრაინელების შესაძლო გარღვევის ჩასაკეტად“,– განმარტავს წყარო და დასძენს, „და სად შეიძლება, მოხდეს ზუსტად ეს "გარღვევა", რუსი გენერლები ვერ იგებენ“.
მაგრამ მიუხედავად სირთულეებისა და დანაკარგებისა, რომლებმაც, ამერიკული მონაცემებით, უკვე 200 000 ადამიანს მიაღწია, პუტინი თავდასხმას მოითხოვს. Bloomberg-ის ცნობით, ეს უნდა დაიწყოს თებერვალ-მარტში, ვიდრე უკრაინა მიიღებს და დაეუფლება დასავლურ ტანკებსა და ჯავშანმანქანებს.
„Новая газета Европа“–ს უკრაინაში სარდლობის შტაბ-ბინაში დაუდასტურეს, რომ შეტევითი გეგმა მზადდება და ათიათასობით სამხედრო მოსამსახურე შეიძლება, გაუშვან „საზარბაზნე ხორცად“. ამავდროულად, არანაირი რისკი არ არის გათვალისწინებული, – ჩივის წყარო: „უკრაინელებიდასავლური დაზვერვისგან იღებენ აბსოლუტურად ზუსტ მონაცემებს ჩვენი ყველა მოძრაობის შესახებ. შეუძლებელია საკმარისი რაოდენობის ძალების დაგროვება გარკვეულ არეალში ისე, რომ ისინი არ დააყენო HIMARS-ის და შორი მოქმედების არტილერიის დარტყმის ქვეშ“.


