
ორშაბათისთვის სტამბოლში დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა
06/02/2023 05:24:14 საზოგადოება
თურქეთში მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, ორშაბათისთვის სტამბოლში დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„თურქეთის ავიახაზებში“ განცხადეს, რომ ფრენების გაუქმება მეტეოროლოგიური სამსახურის რეკომენდაციით მიიღეს.
საერთო ჯამში, სტამბოლის ორ აეროპორტში გაუქმდა 170 ფრენა.
ამასთან ერთად, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში ორშაბათს დაიხურება სკოლებიც.
რაც შეეხება საქართველო-თურქეთს შორის ფრენებს, სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, გაუქმებულია სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ავიაკომპანია „პეგასუსის“ ორი ავიარეისი და „თურქეთის ავიახაზების“ ორი ფრენა.
მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს და სხვა რეისები გეგმურად სრულდება.