
მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა: "არავის დასჯას ვაპირებ, ვისაც უნდა დარჩეს, ვისაც უნდა მეუფესთან მივიდეს"
01/11/2019 11:30:11 სხვა, საზოგადოება
ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წარდგენილი მეუფე გრიგოლი მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მივიდა.
როგორც მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, დღეს მთელი საქართველო აღელვებულია და ახლა მთავარია დამშვიდება.
"ჩავეხუტები მეუფეს და მადლობას გადავუხდი. [...] ვისაც უნდა დარჩეს, ვისაც უნდა მეუფესთან მივიდეს. მთავარი შეკითხვა ის არის რომ მესამე წელია, მეუფე პეტრესთან იყო საუბარი, რომ მივიდეს პატრიარქთან და შენდობა სთხოვოს. მესამე წელია, მეუფე პეტრესთან იყო ერთი, ორი , სამი, ოთხი , ხუთი გაფრთხილება... ყველას ტკივა გული იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ მოხდა. გზაზე რომ მოვდიოდი ყველა მეუბნებოდა აღელვებულია მარტვილიო, წალკაც აღელვებულია და მთელი საქართევლოც. მე ვარ ექიმი და ოპერაცია, გამოკვლევა არ ტარდება იმ დროს, როდესაც ყვირის ან ჩხუბობს ვიღაცა, დავმშვიდდეთ და ვისაუბრით წყნარად. პატრიარქმა გუშინ სინოდი იმით დაიწყო, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს, ჩვენ გვიყურებს მთელი საქართევლოო“,
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ვიხილოთ სასულიერო პოირები ვისაც მეუფე გრიგოლი დასჯის? მან შემდეგი პასუხი გასცა: „არა“.
მისივე თქმით, იგი ეპარქიაში დარჩება და კვირას წირვასაც აღავლენს.
მეუფე გრიგოლი ამ წუთებში პეტრე ცაავასა და ეპარქიის სასულიერო პირებს ხვდება.
ცნობისთვის: საპატრიარქოში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.
როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა პეტრე ცაავამ განაცხადა, „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“.
მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა: "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის".
შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.
"აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას.