რუსეთში ორ ახალგაზრდას Z-სიმბოლოიანი მანქანის დაწვისთვის თითქმის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
05/02/2023 08:46:28 მსოფლიო
დონის როსტოვის ორ მკვიდრს Z-სიმბოლოიანი მანქანის დაწვისთვის თითქმის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
24 წლის ოლეგ დენისოვი და 22 წლის ირინა კუზნეცოვა უახლოეს წლებს კოლონიაში "სხვისი ქონების განადგურების" ბრალდებით გაატარებენ გასული წლის ივლისში მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის შედეგადაც, პროკურატურის განცხადებით, Toyota Corolla-ს მფლობელ პოლიციელს 700 000 რუბლის ოდენობის ზარალი მიადგა.
გამოძიების ვერსიით, პოლიციელის მანქანის დაწვის შემდეგ ეჭვმიტანილებმა როსტოვი დატოვეს, მაგრამ მოგვიანებით დაბრუნდნენ და სამართალდამცველ ორგანოებს ემალებოდნენ. პოლიცია თვლის, რომ მათ Z-სიმბოლოიანი მანქანის დაწვის დაკვეთა მიიღეს ტელეგრამ-არხში, რომელიც "უკრაინიდან ნეონაცისტური იდეოლოგიის მიმდევრების" მიერ იმართებოდა, ანაზღაურების სახით კი 15 ათასი რუბლი მიიღეს კრიპტოვალუტაში.
ცნობისთვის: პუტინის რეჟიმის "პატრიოტული" ლოზუნგებისა და სიმბოლოების გამოსახულებიანი მანქანების დაწვა რუსეთის მოქალაქეების მიერ უკრაინის ომის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთ ფორმად იქცა. მსგავსი შემთხვევები უკვე არაერთ ქალაქშია დაფიქსირებული.


