სენაკის მერი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

04-02-2023 14:47:27 რეგიონები ,რეკლამა

სენაკის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

"გრძელდება ძლიერი ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება მრავალბინიანი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად გაეცნო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის მყისიერი რეაგირების შედეგად, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის სენაკის მუნიციპალიტეტს 1 580 000 ლარი გამოეყო, ხოლო სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების კომპენსაციისთვის - 208 000 ლარი.

ამ ეტაპზე კომპენსაცია 318-მა დაზარალებულმა ოჯახმა მიიღო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები