სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება

03-02-2023 21:34:39 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე ჩაინიშნა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე 3 მოწმე დაიკითხა, მათ შორის, კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი, ეკა ჩავლეიშვილი და სამხარაულის ექსპერტი, აკაკი ტყემალაძე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს დასაკითხ მოწმეთა სიაში არსებული რამდენიმე პირის ჩახსნის შუამდგომლობით მიმართა.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, მათ მოწმეების დაკითხვა დაასრულეს.

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქმის მოსამართლის გიორგი არევაძის განცხადებით, შემდეგ სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან.

ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები