ოკუპირებული ცხინვალის „საგარეო უწყება“ "შიდა ქართულ პოლიტიკურ კრიზისზე" საუბრობს

03-02-2023 00:23:32 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო უწყებაში იმედოვნებენ, რომ "საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა დარჩება წინდახედული და პრაგმატული და არ დაუშვებს თავსმოხვეული სცენარების განხორციელებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები".

სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ეს კომენტარი დე ფაქტო უწყებაში გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ოკუპაციასთან, უნდა გადაწყდეს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებასთან ერთად:

„ზურაბიშვილს აპრიორი მიაჩნია, რომ მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთი აუცილებლად იქნება წარმოდგენილი, როგორც წაგებული მხარე. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა ანტირუსულ სანქციებს და ზოგიერთი „საქართველოს მეგობრის“ წარუმატებელი მცდელობა, ჩაითრიონ იგი რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში, ასეთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული ეს განცხადებები უდავოდ მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული შიდა პოლიტიკური კრიზისია საქართველოში“.

დე ფაქტო უწყება მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, "შეეგუონ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობას და ქალბატონი ზურაბიშვილის რჩევით, თავად განმარტონ, სად გადის საკუთარი სახელმწიფოს საზღვრები".

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს პოლიტიკაზე საუბრისას კრიტიკულად მოიხსენია ზურაბიშვილი და განაცხადა, რომ „მადლობა ღმერთს, ის არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები