ევროპარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, იმუშაოს უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე

02-02-2023 23:18:12 ევროპა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს „იმუშაოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად და მხარი დაუჭიროს უკრაინის საგზაო რუკას“.

დოკუმენტის დამტკიცებას 489-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 36, თავი შეიკავა 49-მა დეპუტატმა.

„ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით, ტექსტი (რეზოლუცია) მოითხოვს ევროკავშირისგან „იმუშაოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე და მხარი დაუჭიროს საგზაო რუკას, რომელიც განსაზღვრავს უკრაინის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე გაწევრიანების შემდგომ ნაბიჯებს“, - ნათქვამია ინსტიტუტის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

ამავდროულად, ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, რომელიც მოიცავს შესაბამისი პროცედურების დაცვას, ასევე ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმებისა და გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულებას.

ისინი მოუწოდებენ უკრაინის ხელისუფლებას, რაც შეიძლება მალე გაატარონ არსებითი რეფორმები ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების ეფექტიანად შესასრულებლად.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გაზარდონ და დააჩქარონ კიევის დახმარება, მათ შორის იარაღით, ასევე ინფრასტრუქტურული, ფინანსური და ჰუმანიტარული. დეპუტატებმა კიევის მომავალ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდეს, განსაზღვრონ „უკრაინის აღდგენის პრიორიტეტული ღონისძიებების ყოვლისმომცველი პაკეტი“.

ევროკავშირისა და უკრაინის შემდეგი სამიტი მიმდინარე წლის 3 თებერვალს კიევში გაიმართება. 15 ევროკომისარი უკვე ჩავიდა უკრაინის დედაქალაქში ევროკომისიის საბჭოს დელეგაციის ფარგლებში, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ხელმძღვანელობს.

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მთავრობა ელოდება, რომ უკრაინა ორ წელზე ნაკლებ დროში გაივლის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გზას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები