გერმანია და ნიდერლანდები არმიებს აერთიანებენ

02-02-2023 20:35:16

გერმანია და ნიდერლანდები ამზადებენ თავიანთი სახმელეთო ჯარების სრულ გაერთიანებას, – განაცხადა Bloomberg–ის ცნობით, ნიდერლანდების სამეფო არმიის წარმომადგენელმა, მაიორმა მარკ ვან დე ბიკმა.

მისი თქმით, ქვეყნის სახმელეთო ძალებს სამი საბრძოლო ბრიგადა ჰყავს და ორი მათგანი უკვე ინტეგრირებულია გერმანიის შეიარაღებულ ძალებში. 3000 ჯარისკაცისგან შემდგარი ბოლო ბრიგადის გაერთიანება „შეიძლება, აპრილშიც მოხდეს“. ინტეგრაცია მხოლოდ ნიდერლანდების არმიის ელიტარულ ქვედანაყოფს არ შეეხება.

ერთობლივი დაჯგუფებაში იქნება 50 000 ადამიანი, მათ შორის 8000 ნიდერლანდებიდან. ქვეყნები გეგმავენ სამხედრო რეგულაციების გაერთიანებას და იარაღის ერთობლივ შესყიდვას.

გერმანიისა და ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების ინტეგრაცია დაიწყო ცივი ომის დასრულების შემდეგ, როდესაც სახელმწიფოებმა დაიწყეს თავდაცვის ხარჯების შემცირება. პირველი გერმანულ-ჰოლანდიური კორპუსი შეიქმნა 1993 წელს ბუნდესვერის 1-ლი კორპუსის ბაზაზე. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს გერმანიაში, მიუნსტერში. ახლა კორპუსი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილია. კიდევ ორი ​​ჰოლანდიური ბრიგადა გერმანიის შეიარაღებულ ძალებში 2014 და 2015 წლებში იქნა ინტეგრირებული.

გერმანია და ნიდერლანდები ერთსა და იმავე ტექნიკას იყენებენ. ორივე ქვეყნის მთავარი საბრძოლო ტანკია გერმანული Leopard 2, ხოლო ნიდერლანდების მთავარი ჯავშანტრანსპორტიორი Boxer გახლავთ, რომელიც ერთობლივად შეიმუშავეს გერმანულმა Krauss-Maffei Wegmann–მა, Rheinmetall AG–მა და ჰოლანდიურმა Stork–მა.

ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ გერმანია 17 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს სარაკეტო თავდაცვის გასაძლიერებლად. ხელისუფლება აპირებს, შექმნას მრავალსაფეხურიანი ფარი სხვადასხვა ადგილობრივი, ასევე ამერიკული და ისრაელის წარმოებული (IRIS-T, Arrow 3 და Patriot) საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან. ეს დაიცავს არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებსაც.

მანამდე გერმანიის თავდაცვის ახალმა მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ მისი მიზანია, შექმნას ევროკავშირში ყველაზე ძლიერი და აღჭურვილი არმია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები