ევროკომისიამ პირველი ნაბიჯი გადადგა რუსეთისთვის სპეცტრიბუნალის შექმნისკენ

02-02-2023 20:24:11 ევროპა

”რუსეთმა უნდა აგოს პასუხი თავის სასტიკ დანაშაულებზე სასამართლოში”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე კიევში.

ევროკავშირისა და უკრაინის პროკურორები უკვე აგროვებენ ომის დანაშაულების მტკიცებულებებს, – თქვა მან. გარდა ამისა, ძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC).

ფონ დერ ლაიენმა, რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა და ევროპარლამენტმა ადრე მოითხოვეს რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა.

„ვაცხადებ პირველი ნაბიჯის სახით, რომ ჰააგაში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი რუსეთის სამართლებრივი დევნისთვის უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო. ეს ცენტრი კოორდინაციას გაუწევს მტკიცებულებების შეგროვებას. ის ჩაერთვება ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფში, რომლის მუშაობასაც მხარს უჭერს Eurojust“,–განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. (Eurojust–ში შედიან პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის თითოეულ წევრ სახელმწიფოს, რომლებიც იძიებენ ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულს.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ ძალიან სწრაფად დავიწყოთ მუშაობა Eurojust-თან, უკრაინასთან, ჩვენი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის პარტნიორებთან, ასევე ნიდერლანდებთან ერთად“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და ხაზგასმით წარმოთქვა შემდეგი ფრაზა: „დამნაშავემპასუხი უნდა აგოს!“.

30 ნოემბერს ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა მზადება გაეროს ეგიდით ტრიბუნალის შესაქმნელად, რომელიც გამოიძიებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს. აუცილებელია სპეციალური სასამართლო, რომელიც შეძლებს, უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ომის დაწყებაზე (ე.წ. აგრესიის დანაშაულზე), და არა მხოლოდ საომარი მოქმედებების დროს ჩადენილი კონკრეტული დანაშაულებისთვის.

დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე ფონ დერ ლაიენმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უწოდა „ექსტრაორდინალური სიტუაცია, რომელიც მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების ძლიერ პასუხს“. 19 იანვარს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას (თუმცა მისი რეზოლუცია სავალდებულო არ არის).

დეკემბრის შუა რიცხვებში ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ განაცხადა, რომ მის ქვეყანას სურს, მოაწყოს ტრიბუნალი გაეროს ეგიდით, რომელიც განიხილავს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

ფონ დერ ლაიენი ყველა ევროკომისართან ერთად ჩავიდა კიევში ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინტეგრაციის საკითხების განსახილველად. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი მზად იქნება შეჭრის პირველ წლისთავისთვის - 24 თებერვლამდე და ევროკომისია პარტნიორებთან ერთად განიხილავს, თუ როგორ გამოიყენოს რუსეთის დაბლოკილი აქტივები უკრაინის დასახმარებლად.

ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები