
NDI - გამოკითხულთა 69%-ის აზრით, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას შეიძლება, ნეგატიური გავლენა ჰქონდეს
02/02/2023 08:51:16 საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების იმიგრაციას შესაძლოა, ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს.
კითხვაზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე, გამოკითხულთა 69% აცხადებს, რომ უარყოფითი, 17% მიიჩნევს, რომ დადებითი, 6%-ის აზრით კი ამას არანაირი გავლენა არ აქვს საქართველოზე.
კვლევის მიხედვით, უმრავლესობის აზით, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია.
კერძოდ, ასე გამოკითხულთა 57% ფიქრობს, რომ მიუღებელია, 29%-ის აზრით კი მისაღებია.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69% ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი უნდა დაუწესდეთ. აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია ორგანიზაციის წინა გამოკითხვასთან შედარებით, რომელიც 2022 წლის მარტში ჩატარდა.
NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. აღნიშნული ანგარიში 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: ეკონომიკა, სიღარიბის აღქმა, ინსტიტუტები, საგარეო პოლიტიკა.