
კრამატორსკში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
02/02/2023 06:15:16 მსოფლიო
უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია დონეცკის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ისკანდერის ტიპის რაკეტა საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები.
კრამატორსკზე იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„საცხოვრებელი სახლი, სარაკეტო დარტყმა, დაიღუპნენ და ნანგრევების ქვეშ არიან მშვიდობიანი ადამიანები. ეს არ არის ისტორიის განმეორება, ეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ყოველდღიური რეალობაა. ქვეყნისა, რომელიც აბსოლუტურ ბოროტებას ესაზღვრება. და მან უნდა დაამარცხოს ის, რათა ნულზე დაიყვანოს მსგავსი ტრაგედიების განმეორების ალბათობა", – დაწერა მან ტელეგრამ–არხზე.