
ჩხაიძე: "სააკაშვილს არ სჭირდება რეანიმაცია, თუმცა თუ თავად სურს, გადაიყვანენ"
01/02/2023 12:45:37 პოლიტიკა, საზოგადოება
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში გადაყვანა არ ესაჭიროება, თუმცა თუ მას ეს სურს, კლინიკა წინააღმდეგი არ იქნება.
„როგორც ახსნა მკურნალმა ექიმმა, [სააკაშვილი] თანახმა იქნებოდა მკურნალობაზე, თუ ის იქნებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზე პრობლემა არ გვაქვს. ყოველთვის გამოვდივართ პაციენტის ინტერესებიდან. თუ პაციენტს სურს მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ“, -განუცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, სააკაშვილს დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის სურვილი არ გამოუხატავს.
ზურა ჩხაიძე განმარტავს, რომ სააკაშვილი იღებს მცირე კალორაჟიან საკვებს, იმ რაოდენობით, რაც მხოლოდ სასიცოცხლო ფუნქციების შემანარჩუნებელია. მისივე თქმით, ექიმებს სააკაშვილის გარემოცვისგან ესმოდათ, რომ ექსპრეზიდენტს უჭირს ყლაპვა და აქვს ღებინება. ამიტომ, მას შესთავაზეს პარენტერალური კვება, რომ ენერგორესურსების შესავსებად.
„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება რეანიმაციაში თუ ინტენსიურ პალატაში. მთავარია, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, დაგვთანხმდეს და მიიღოს შესაბამისი მკურნალობა“, - განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.
ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.