
საპატრიარქო – კულტურის სამინისტროს: "გელათზე კვლევა ჩვენი თხოვნით მომზადდა, არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს"
01/02/2023 12:37:28 საზოგადოება
საპატრიარქოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ გელათის რეაბილიტაციის პროცესის შესახებ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით, სადაც განმარტავს, რომ ცენტრმა დასკვნა, რომელსაც სამინისტრომ „პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებული" უწოდა, მათი თხოვნით მომზადდა და ამ პროცესს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ განმარტების გაკეთება ამ საკითხზე საჭიროდ მიიჩნიეს 31 იანვარს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების გამო.
"აღვნიშნავთ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ ისტორიულად და დღესაც ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული.
რაც შეეხება გუშინდელ განცხადებებს, თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება.
დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და კვორუმის პირობებში მოხდა ამ დასკვნის მიღება, მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე" - წერია განცხადებაში, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საპატრიარქო აფასებს ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და ადასტურებს მისი მეცნიერების მიმართ პატივისცემას.
30 იანვარს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა გელათის მოხატული ტაძრების შესახებ კვლევა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ეწინააღმდეგება რესტავრაციისა და კონსერვაციის პრინციპებს, მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე ჩატარებული სამუშაოები არღვევს მხატვრობის ავთენტურობას და ქმნის ძეგლის განადგურების საფრთხეს.
31 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ცენტრში სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა - ცენტრის დირექტორმა გამორიცხა კავშირი დასკვნის გამოქვეყნებასა და ფინანსურ შემოწმებას შორის.