
გელათის გარშემო საქმიანი დისკუსიის პოლიტიკურ დისკურსში გადატანის მცდელობაა - ჩუბინაშვილის ცენტრი სამინისტროს პასუხობს
01/02/2023 11:17:59 საზოგადოება
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, რომელმაც 30 იანვარს გელათზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა, კულტურის სამინისტროს 31 იანვარს გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.
სამინისტრომ ცენტრის დასკვნა, სადაც გელათში ბოლო პერიოდში ჩატარებული სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაობი მწვავედ არის გაკრიტიკებული, „პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულად" მიიჩნია და თქვა, რომ ამ დოკუმენტზე მეცნიერები სუბორდინაციის დარღვევით მუშაობდნენ, რაც "სამინისტროს მხრიდან დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს..“
ჩუბინაშვილის ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობის შესახებ ინფორმირებული იყო როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, ასევე სამინისტრო, მეტიც, სამინისტროს მის გამოქვეყნებამდე გაეგზავნა დასკვნა, თავად დოკუმენტი კი უწყებამ ყველა წესის დაცვით, საბჭოს სხდომაზე დაამტკიცა.
კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ სამინისტროს მხრიდან ბრალდებები მეცნიერების პოლიტიკური დაინტერესების შესახებ არის სამეცნიერო, საქმიანი განხილვის პოლიტიკურ კონტექტსში გადატანის მცდელობა.
"სამწუხაროდ, სამინისტროს წერილში ცხადად იკვეთება გელათის პრობლემის პოლიტიზაციის სურვილი. გამუდმებით მეორდება ბრალდება, თითქოს ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიშის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ. მოურიდებლად არის ნახმარი შეურაცხმყოფელი გამოთქმები: პოლიტიკოსად ქცეული „მეცნიერი“(ბრჭყალებში!), პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკოსი და სხვა. ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებით არ ხელმძღვანელობენ. გელათის მდგომარეობის შეფასება ეფუძნება ფაქტების კვალიფიციურ ობიექტურ ანალიზს და არა „პარტიულ ინტერესებს“ - წერია განცხადებაში, სადაც ასევე აქცენტია გაკეთებული სამინისტროს მხრიდან მუქარანარევ ტონზე, რომელიც განცხადების ავტორების მოსაზრებით, "ხელს არ შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჯანსაღი კრიტიკული აზრის დამკვიდრებას და არც გელათის მდგომარეობის გაუმჯობესებას წაადგება."
ჩუბინაშვილის ცენტრი აცხადებს, რომ სამინისტროს განცხადება ფაქტობრივ შეცდომებს შეიცავდა:
"მაგალითად, ნათქვამია, რომ „2021 წლის მარტამდე, არავის ახსოვს, მოცემულ მეცნიერთა აღშფოთება გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით“. ეს სწორი არ არის - უკვე 2020 წლის ზაფხულში ჩუბინაშვილის ცენტრმა ოფიციალურ წერილში გამოთქვა შეშფოთება გელათში შექმნილი ვითარების გამო და კონკრეტული წინადადებებით მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. შესაძლოა, ეს ფაქტი სამინისტროს ახლანდელ ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა, მაგრამ ის აღნიშნულია ცენტრის ანგარიშშიც (გვ. 10) და შეცდომა წესით არ უნდა გაპარულიყო. ცენტრის თანამშრომლები აქტიურად მუშაობდნენ სააგენტოს შესაბამის კომისიებში და მკაფიოდ გამოხატავდნენ პოზიციას, რაც გახდა კიდეც გელათის იმხანად ახლადშექმნილ კომისიაში მინისტრის მიერ მათი მოწვევის საფუძველი".
30 იანვარს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა გელათის მოხატული ტაძრების შესახებ კვლევა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ეწინააღმდეგება რესტავრაციისა და კონსერვაციის პრინციპებს, მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე ჩატარებული სამუშაოები არღვევს მხატვრობის ავთენტურობას და ქმნის ძეგლის განადგურების საფრთხეს.
31 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ცენტრში სამინისტროს აუდიტის სამსხური შევიდა - ცენტრის დირექტორმა გამორიცხა კავშირი დასკვნის გამოქვეყნებასა და ფინანსურ შემოწმებას შორის.