ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთის ელჩების გაწვევისკენ მოუწოდებს
01/02/2023 10:38:52 მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის ყველა წევრს სახელმწიფოს მოუწოდა, გაიწვიონ რუსეთის ელჩები.
მინისტრის თქმით, ევროპაში რუსეთის ელჩების შენარჩუნება ამ ეტაპზე პრაქტიკულად აზრსაა მოკლებული.
"უმეტეს შემთხვევაში ეს აღარაა დიპლომატიური ინსტიტუტი, არამედ არის პროპაგანდის ინსტიტუტი, რომელიც ფარავს ომის დანაშაულებს და მთლიანობაში ავრცელებს გენოციდურ [მესიჯს]" - თქვა ლანდსბერგისმა რიგაში, ბალტიისპირეთის ქვეყნების და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ლიეტუვამ რუსეთის ელჩი გაიწვია გასული წლის აპრილში, ბუჩაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ ცნობების პასუხად. იანვარში რუსეთის ელჩები გაუშვეს ესტონეთმა და ლატვიამაც.
ამავდროულად, ლანდსბერგისმა აღიარა, რომ რუსეთის ელჩების გაწვევის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.
რუსეთმა იანვარში შეამცირა ესტონეთთან დიპლომატიური კავშირების დონე და ელჩს რუსეთის დატოვება მოსთხოვა. დიპლომატიური ურთიერთობები დავიდა მოვალეობის დროებითი შემსრულებლის დონემდე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ ეს იყო პასუხი "ტალინში რუსეთის საელჩოს შემადგენლობის რადიკალურ შემცირებაზე", რასაც მოსკოვი "არამეგობრულ ნაბიჯად" მიიჩნევდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს ანალოგიური ნაბიჯით უპასუხა. ლატვიამ, ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად, ასევე გამოაცხადა რუსეთთან დიპლომატიური კავშირების დონის შემცირება. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ელჩებს უშვებენ.


