
ჩეხეთის პრეზიდენტი: "უკრაინა იმსახურებს, გახდეს NATO-ს წევრი"
01/02/2023 07:56:34 მსოფლიო
ჩეხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი ამბობს, რომ "ომის დასრულებისთანავე" უკრაინას NATO-ში გაწევრიანების უფლება უნდა მიეცეს.
პაველი NATO-ს ყოფილი გენერალია, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინა "მორალურად და პრაქტიკულად მზად არის", ალიანსის ნაწილი გახდეს.
BBC-სთან ინტერვიუში პაველი აღნიშნავს, რომ უკრაინაში გამანადგურებლების გაგზავნა, როგორებიცაა F-16, ტაბუდადებული თემა არაა.
"ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება აღმოუჩინა", - თქვა პაველმა.
ჩეხეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც კიევში ტანკები და საბრძოლო მანქანები გაგზავნა.
"უკრაინელი სამხედროები, დიდი ალბათობით, ევროპაში ყველაზე გამოცდილი სამხედროები იქნებიან. უკრაინა იმსახურებს, რომ დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოების ნაწილი იყოს", - თქვა პაველმა და კითხვაზე საუბარია თუ არა NATO-ზეც, მან უპასუხა:
"მიმაჩნია, რომ ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამას".