აშშ ირანულ დრონებთან დაკავშირებით სანქციების სიას აფართოებს
31/01/2023 20:46:52 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში შვიდი ირანული ორგანიზაცია დაამატა, რომლებიც დაკავშირებულია უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასთან, რომელთაც რუსეთი იყენებს უკრაინაზე თავდასხმების დროს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის 31 იანვრის განცხადებაში.
ამერიკულ „შავ სიაში“ მოხვდა ორგანიზაცია, რომელიც დაკავშირებულია დრონების ძრავების განვითარებასთან და წარმოებასთან, ისლამური რევოლუციის გვარდიის სამხედრო კოსმოსური ძალები, კომპანია MADO, რომელიც სპეციალიზირებულია დრონების კომპონენტების წარმოებაში, კამიკაძე დრონების შექმნაში ჩართული კომპანია ,Paravar, Aviation Industries.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთს გადაეცემა უკრაინაში გამოსაყენებლად, რაც ეწინააღმდეგება ეროვნული უსაფრთხოებისა და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ინტერესებს.
გასული წლის ნოემბერში ირანმა პირველად აღიარა რუსეთისთვის დრონების მიწოდება, მაგრამ ამტკიცებს, რომ მათი შეზღუდული მარაგი შეჭრამდე გაიგზავნა.


