ტოივო კლაარი – ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი გადაიდო

31-01-2023 19:58:52 კონფლიქტები

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების მართვის საკითხებში ტოივო კლაარი აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი, რომელიც 21-22 თებერვალს უნდა გამართულიყო, გადაიდო.

ამის შესახებ "აქცენტს" ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში (EEAS) განუცხადეს.

"მე შემიძლია, დავადასტურო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ტოივო კლაარის სახელით, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი არ გაუქმებულა, ის გადაიდო", – განუცხადეს "აქცენტს" ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში.

ამასთან, EEAS ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მიღებაზე უარი განუცხადეს:

"აფხაზურმა მხარემ გვაცნობა, რომ დღევანდელი დრო შეუსაბამოა თანათავმჯდომარეების ვიზიტისთვის".

მოგვიანებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ დისკუსიების მორიგი რაუნდის გამართვა აპრილში იგეგმება.

ცნობისთვის: მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ გაავრცელა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების არმიღებისა და 2023 წლის თებერვალში დაგეგმილი მოლაპარაკებების რაუნდის გაუქმების თაობაზე:

"2023 წლის თებერვალში დაგეგმილი მოლაპარაკებების რაუნდის გაუქმების გათვალისწინებით, აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა უარი ეთქვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების დელეგაციისთვის, რომელიც 8-9 თებერვალს აპირებდა ვიზიტს აფხაზეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ჩასატარებლად, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლაზე".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები