პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი თეთრ სახლს უკრაინისთვის გამანადგურებლების და ATACMS-ების მიწოდებისკენ მოუწოდებს
31/01/2023 12:50:55 მსოფლიო
პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი მარკ ესპერი უკრაინისთვის თვითმფრინავების და შორ მანძილზე მოქმედი ATACMS–ის რაკეტების გადაცემის მოწოდებით გამოვიდა.
ესპერს მიაჩნია, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკა "სწორი, თუმცა ძალიან ნელია".
მისი თქმით, წარმატებისთვის უკრაინას ტანკები ჯერ კიდევ შემოდგომაზე უნდა მიეღო. ის მოუწოდებს თეთრ სახლს და მოკავშირეებს, იყვნენ პროაქტიულები და წინ წაიწიონ ATACMS–ის რაკეტების და გამანადგურებლების თაობაზე გადაწყვეტილებებში:
„რუსული თავდასხმის საფრთხეზე რეაგირების ნაცვლად, ვისურვებდი, უკრაინელების ახლა შეტევაზე გადასვლა მეხილა ახლავე, როცა რუსები ჯერ კიდევ ცდილობენ თავიანთი სამხედროების მომზადებას, აღჭურვას და ორგანიზებას. მაგრამ ახლა ჩვენ ჩამოვრჩებით – ტანკები უკრაინელებს სექტემბერში ან ოქტომბერში უნდა გადაცემოდათ. ჩვენ უნდა დაგვემტკიცებინა თვითმფრინავების მიწოდება, ეს მათ უპირატესობას მიანიჭებდა. თუ ისინი აპირებენ ჩართვას კომბინირებული იარაღის ბრძოლაში, უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ საჰაერო ცეცხლიც", – ამბობს ის და დასძენს, "ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მათ ATACMS–ები, ამ გზით უკრაინელები შეძლებდნენ შეღწევას აღმოსავლეთ უკრაინაში, ყირიმის სიღრმეში, რათა გაანადგურონ "შაჰიდის" გამშვები მოედნები, გამოიყვანონ მწყობრიდან რაკეტების გამშვები მოედნები, გაანადგურონ ლოჯისტიკური საცავები, ყაზარმები, ყველაფერი. ამისთვის საჭიროა შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი იარაღი“.
ის დარწმუნებულია, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება არ გაზრდის ესკალაციას, როგორც ამას რუსები ამბობენ. ის მოუწოდებს თეთრ სახლს, მიიღოს გადაწყვეტილებები უფრო თამამად, სწრაფად და მეტი რაოდენობის შესახებ.
ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს F-16 გამანადგურებლების გაგზავნას უკრაინაში. იმავდროულად საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება და განაცხადა, რომ „პრინციპში, არაფერია აკრძალული“.


