
"ალტ-ინფოს" ხელმძღვანელები პარლამენტს LGBT+ მანიფესტაციების კანონით აკრძალვას სთხოვენ
31/01/2023 09:24:32 საზოგადოება
პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" ლიდერები, რომლებიც ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელობენ, საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ, აიკრძალოს ქვეყანაში LGBT+ მანიფესტაციების ჩატარება. დოკუმენტი 2022 წლის ბოლოს გაიგზავნა საკანონმდებლო უწყებაში.
კანონპროექტის ავტორები გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო და კონსტანტინე მორგოშია არიან და პარლამენტს "25 ათასი ამომრჩევლის" სახელით მიმართავენ.
"აუცილებელია კანონით აიკრძალოს ასეთი საჯარო დემოსტრაციებისა და ღონისძიებების ჩატარება", - წერენ კანონპროექტის ავტორები.
მათი მოთხოვნაა, მსგავსი დემონსტრაციის მონაწილე დაჯარიმდეს 3000 ლარის ოდენობით ან შეეფარდოს 25-დღიანი პატიმრობა, ორგანიზატორის შემთხვევაში კი უფრო მკაცრი სანქციაა მოთხოვნილი 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა ან 30 დღემდე პატიმრობა.
"კანონპროექტის მიღებამ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შესაძლოა იქონიოს დადებითი გავლენა, რადგან ხდება ჯარიმების გაზრდა და ახალი სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაწესება", - აცხადებენ "ალტ-ინფოს" ლიდერები.
"კონსერვატიული მოძრაობა" პარტიის სახით 2021 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. ამავე პარტიის ლიდერები არიან ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელებიც.