
პუტინის ყოფილი სფიჩრაითერი – რუსეთში სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური ხდება
31/01/2023 07:29:22 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოფილი სფიჩრაითერი, ამჟამად უცხოეთში მცხოვრები პოლიტოლოგი აბას გალიამოვი აცხადებს, რომ რუსეთში სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური ხდება. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც აბას გალიამოვმა აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის დანაკარგები იზრდება, ქვეყანა დასავლეთის სანქციებისგან გამოწვეული სირთულეების წინაშეა, ამ ფონზე კი რუსეთის მოქალაქეები დაიწყებენ დამნაშავის ძიებას.
გალიამოვის თქმით, ეს მომენტი შესაძლოა, მომდევნო 12 თვეში დადგეს.
"რუსეთის ეკონომიკა უარესდება, ომი წაგებულია, რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ რუსებს უფრო მეტი სირთულეები შეექმნებათ და ისინი შეეცდებიან იპოვონ ახსნა, რატომ ხდება ეს, შეხედავენ პოლიტიკურ პროცესს და თავადვე გასცემენ პასუხს: "ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ძველი ტირანი, ძველი დიქტატორი". ამ მომენტში ვფიქრობ, სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური გახდება", - განაცხადა გალიამოვმა.
მისი თქით, პუტინმა შესაძლოა, გააუქმოს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2024 წლის მარტშია დაგეგმილი:
"უკრაინასთან გამარჯვების გარეშე მას [პუტინს] რუსებთან სირთულეები შეექმნება. რუსებს არ სჭირდებათ ის, თუ ის ძლიერი არ არის. მან შეიძლება მართლა გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და გააუქმოს არჩევნები".