Accentnews.ge
ჩუბინიშვილის ცენტრის დასკვნა: "გელათთან დაკავშირებული კრიზისი მოუგვარებელ პრობლემად რჩება"

ჩუბინიშვილის ცენტრის დასკვნა: "გელათთან დაკავშირებული კრიზისი მოუგვარებელ პრობლემად რჩება"

30/01/2023 14:35:21 საზოგადოება

ჩუბინიშვილის ცენტრმა გელათის მონასტერზე დასკვნა მოამზადა. ცენტრის ექსპერტებმა შეისწავლეს კონსერვაციის დოკუმენტაცია და მიმდინარე წლის 20 იანვარს, პირადად იმყოფებოდნენ გელათში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრით, მოხატულობის მდგომარეობის მეტი დამძიმებისა და დამატებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იტალიური ჯგუფის შემოთავაზებებისა და დასახული გეგმის დაუყოვნებლივ შეცვლა იყო საჭირო.

"გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობებისა, კვლავაც მოუგვარებელ პრობლემად რჩება. მეტიც, წარსულში წლების მანძილზე მოვლენები და დარგის მესვეურთა მხრიდან ბოლო ორი წლის მანძილზე მდგომარეობის გამოსწორების მიზნით განხორციელებული ქმედებები ცხადად მიუთითებს ფუნდამენტური სისტემური განახლების აუცილებლობას. გადაწყვეტილებებისა და შეფასების პროცესიდან სამეცნიერო კომპონენტის გათიშვა, ერთიანი გეგმის, ვითარების გააზრების და მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე, მწირი კვლევითი და საანგარიშო დოკუმენტაციით წარმართული ფიზიკური სამუშაოები ცხადად აჩვენებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. „გელათის მონასტერი“ მართვის ხარისხი შორს არის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან.

მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მხატვრობის არასწორი კონსერვაცია, რომელსაც მოხატულობის დაზიანების პროცესის აქტივიზაცია მოყვა და თვითნებური ტონირება-რესტავრაცია, რომელიც მხატვრობის ავთენტურობის დარღვევას წარმოადგენს, სცილდება პროფესიულ ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ნორმებს.

მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია დარგის მესვეურთა მიერ უგულებელყოფილი მაღალკვალიფიციური ექსპერტების რეკომენდაციების შესრულება: გელათის ტაძრების მოხატულობებისა და სტრუქტურებისთვის უსაფრთხო და გრძელვადიანი მუშაობისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველმყოფი ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობა; ყველა სივრცეში გარემო პირობებისა და მოხატულობების უწყვეტი მონიტორინგი; აუცილებლობის შემთხვევაში, დასაბუთებული, ანალიზს დაფუძნებული და კონკრეტული ვითარების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და მასალების გამოყენებით შესრულებული გადაუდებელი ფიზიკური სამუშაოები; კონსერვაციის გეგმის შემუშავება და მასზე დაყრდნობით შემდგომი სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება.

გადაუდებელ აუცილებლობად გვესახება გელათის ძეგლის მართვისა და კონსერვაციის პრობლემების ანალიზის საფუძველზე მკაფიო გადაწყვეტილებების ინიცირება და მიღება; პროცესების არსებითი კორექტირება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების კვალად და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა", - აღნიშნულია ჩუბინიშვილის ცენტრის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

ჩუბინიშვილის ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში სრულად

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S