პოდოლიაკის განცხადების გამო ირანმა უკრაინის საქმეთა რწმუნებული გამოიძახა
30/01/2023 14:00:41 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადების გამო ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული უწყებაში დაიბარა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამთავრობო მედია ავრცელებს.
მიხაილო პოდოლიაკი ირანის ქალაქ ისპაჰანში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს "ომის ლოგიკა" იყო, რომელიც მკაცრად სჯის უკრაინაში როგორც ომის მონაწილეებს, ასევე მათ დამხმარეებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ირანულმა მხარემ დიპლომატს საპროტესტო ნოტა გადასცა და უკრაინელი მაღალჩინოსნებისგან "სასწრაფო განმარტებები" მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ ისპაჰანში მდებარე სამხედრო ობიექტზე დრონებით თავდასხმა 28 იანვრის ღამეს მოხდა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ განახორციელა თავდასხმა. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ირანის სამხედრო ქარხანაზე დარტყმა ისრაელმა განახორციელა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.


