
პუტინი – ჯონსონს: "ბორის, არ მსურს, ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება“
30/01/2023 05:33:56 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ექს–პრემიერი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის წინ მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. ამის შესახებ ჯონსონი BBC-ს დოკუმენტურ ფილმში საუბრობს და რუს კოლეგასთან გამართულ სატელეფონო საუბარს იხსენებს.
ჯონსონის თქმით, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ომს კატასტროფული შედეგები ექნებოდა, პუტინი მას დაემუქრა:
„საუბრის დროს ერთ მომენტში იგი დამემუქრა და შემდეგი მითხრა: "ბორის, არ მსურს, ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება“.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი ცდილობდა პუტინისთვის აეხსნა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ნატო–ს წევრი ვერ გახდებოდა და რომ რუსეთის შეჭრა გამოიწვევდა მის საზღვრებთან უფრო მეტ და არა ნაკლებ ნატო–ს.
ცნობისთვის: ალიანსის წევრი დიდი ბრიტანეთი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია და კიევს შეიარაღებით, ფინანსურად და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებით ეხმარება.
ომის პერიოდში ბორის ჯონსონი უკრაინაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრის რანგშიც და თანამდებობიდან გადადგომის შემდეგაც 2023 წლის იანვარში.