
ჰავისტო ფინეთისა და შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების კუთხით პროგრესს თურქეთში დაგეგმილ არჩევნებამდე გამორიცხავს
29/01/2023 15:34:30 მსოფლიო
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტო ფინეთისა და შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების კუთხით პროგრესს თურქეთში დაგეგმილ არჩევნებამდე გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ სკანდინავიის ქვეყნები ალიანსში გაწევრიანების გზაზე რჩებიან.
"თურქეთის დაგეგმილ არჩევნებამდე ფინეთისა და შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების კუთხით პროგრესი მოსალოდნელი არ არის. თუმცა გზა ნატო–სკენ არც ერთ ქვეყანას არ დაუკეტავს“, – განაცხადა ჰავისტომ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ფინეთი არ აპირებს, გააგრძელოს ნატო–ში გაწევრიანების პროცესი მისი სკანდინავიური მეზობლის – შვედეთის გარეშე:
”ჩვენ არ ვჩქარობთ, დრო გვაქვს, ამ გზისკენ შვედეთთან ერთად წავიდეთ”.
25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი განუსაზღვრელი ვადით გადადო.
თურქეთის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება, რომ შვედეთს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
შვედეთ-თურქეთის ურთიერთობა ბოლო დროს მას შემდეგ დაიძაბა, რაც სტოკჰოლმში გამართული ანტითურქული საპროტესტო აქციის დროს თურქეთის საელჩოს წინ ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა ყურანი დაწვეს. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა მკაფიოდ ნეგატიური პოზიცია დააფიქსირეს მომხდართან დაკავშირებით.
რაც შეეხება არჩევნებს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 14 მაისი დაასახელა.
ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შვედეთმა და ფინეთმა ნატო–ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს. ახალი წევრის მისაღებად ალიანსის ამჟამინდელი 30 წევრის ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო. თურქეთი ამ ეტაპზე თავს იკავებს და მოითხოვს ფინეთისა და შვედეთისგან, გაუსწორდნენ იმ ჯგუფებს, რომლებსაც ის ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს და სურს ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილი ადამიანების ექსტრადირება.
ნატო–ს 28 ქვეყნის პარლამენტმა უკვე მოახდინა შვედეთისა და ფინეთის წევრობის რატიფიცირება. მხოლოდ თურქეთს და უნგრეთს არ მიუციათ თანხმობა.