პუტინმა მთავრობას დაავალა, ორ კვირაში მოიფიქრონ, როგორ აიძულონ რუსები, გააჩინონ ბავშვები
27/01/2023 17:22:05 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა, სწრაფად მოიფიქროს შობადობის გაზრდის გზა, რომელიც უკრაინასთან ომის ფონზე 20-წლიან მინიმუმამდე დაეცა, ხოლო პროგნოზების მიხედვით, უახლოეს წლებში შესაძლოა, მეორე მსოფლი ომის პერიოდის მაჩვენებლამდე დავიდეს,– იუწყება „მოსკოვთაიმსი“.
ორი კვირის განმავლობაში - 10 თებერვლამდე - მინისტრთა კაბინეტმა უნდა "შეიმუშაოს და წარადგინოს დამატებითი ზომების ნაკრები, რომელიც მიზნად ისახავს შობადობის გაზრდას და ბავშვებთან ერთად ოჯახების მხარდაჭერას", ნათქვამია პუტინის ინსტრუქციების სიაში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა კრემლის ვებსაიტზე.
ახალ „დემოგრაფიულ პაკეტში“, პუტინის დავალებით, აუცილებელია, წინასწარ „ეფექტურობის შეფასების უზრუნველყოფა“, ასევე დაფინანსების წყაროების მოძიება. პუტინმა ბრძანების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირად პირადად მიხაილ მიშუსტინი დანიშნა – რუსეთის პრემიერ –მინისტრი.
როსსტატის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში რუსეთში 107,2 ათასი ბავშვი დაიბადა - 12,8 ათასით ნაკლები, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში. შობადობის კლება - 10,7%-ით წელიწადში - ყველაზე მაღალი იყო მინიმუმ, 2020 წლის შემდეგ.
10 თვეში რუსეთში დაიბადა 1,092 მილიონი ბავშვი - 77,8 ათასით (-6,2%) ნაკლები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, შობადობის ფარდობითი კოეფიციენტი - 9 ბავშვი 100 ათას მოსახლეზე - ყველაზე დაბალი გახდა 2001 წლის შემდეგ.
ყირიმის ანექსიამდელ დონესთან შედარებით, როდესაც რუსეთში ყოველწლიურად თითქმის 2 მილიონი ბავშვი იბადებოდა, შობადობა თითქმის მესამედით დაეცა. და ეს მხოლოდ დასაწყისია იმ პროცესისა, რომელსაც აუცილებლად დააჩქარებს ომი: შობადობის „ფსკერი“, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს, პოსტსაბჭოთა ეკონომიკური კატასტროფის შემდეგ დაწესდა, მომავალ წელს დაირღვევა,– პროგნოზირებს გაიდარის ინსტიტუტის დემოგრაფი იგორ ეფრემოვი.
მისი პროგნოზით, 2023 წელს რუსეთში შობადობა 1,2 მილიონამდე შემცირდება, 2024 წელს – 1 მილიონამდე, რაც იქნება აბსოლუტური მინიმუმი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ).


